ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას დედა ლექსო ლაშქარავაზე: ჩემს შვილთან ერთად დაგსტირი ღირსეულო ქართველო
ე.წ. საზღვარზე აფხაზი სამხედროს მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება და ფესბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ჯულიეტა ჭანტურია ძალადობრივი ჯგუფების მისამართით რიტორიკულ კითხვას სვამს, რა გასამრჯელო მიიღეს საქართველოს ღალატისთვის და რაში დახარჯავენ ამ ფულს.

„5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ, ვაი პატრიოტებს, რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას,რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს. მეცოდება თქვენი შვილებიც... ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგსტირი ღირსეულო ქართველო“, - წერს გიგა ოთხოზორიას დედა.

ინფორმაციისთვის, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
Print