ახალი ამბები
ზუგდიდში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა გაიხსნა
ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად გახსნა. ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობის დროს მათ ღვთისმშობლის კვართი ფრესკის წინ დაასვენეს და ლოცვა აღავლინეს.

მსვლელობაში სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია მონაწილეობდნენ. მათ ზუგდიდელებს ვლაქერნობა მიულოცეს.

"ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა ღვთიმშობლის მადლით კურთხეულ წილხვედრ ქვეყანაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ და ზეგ კიდე უფრო უკეთეს მომავალს შევქმნით. ჩვენს ქალაქს შეემატა ფრესკა-მოზაიკა, ზუგდიდი არის ის ქალაქი სადაც ინახება უდიდესი სიწმინდე და მისი მადლით არის ეს ქალაქი", - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

ვლაქერნობის აღნიშვნა დღეს დილით 9 საათზე, მუზეუმის საცავიდან ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებით დაიწყო. ამ წუთებში კი საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტი, დაახლოებით, 2 წლის წინ აღმართეს, რამაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს ეპარქიის იდეა მოსწონდა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელი იყო.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ცენტრში ღვთისმშობლის ფრესკა აღიმართება - საკრებულოს გადაწყვეტილება




Print