ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა იქნება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად დავით (ანზორ) ოყუჯავა დაინიშნა. მისი კანდიდატურა სამინისტროს ამავე მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭომ წარუდგინა, რომლის თავმჯდომარეც ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდიაა. ინფორმაცია მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. აქამდე ოყუჯავა ნიკოსეული სასახლის კურატორის თანამდებობას იკავებდა.

"მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის დანიშვნა და სტრატეგიული განვითარების საბჭოს მუშაობა მიზნად ისახავს ზუგდიდის დადიანების სასახლეებში სამუზეუმო ცხოვრების გააქტიურებას, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მუზეუმის ევროპულ კულტურულ და სამუზეუმო სტრუქტურებში გაწევრიანებას, აქ დაცული საგანძურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებას და დონორების მოზიდვას. მუზეუმის ახალი დირექტორი 4 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს სამუზეუმო ფონდების სრულ ინვენტარიზაციას რაც სიძველეთსაცავში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ამავე პერიოდში სტრატეგიული განვითარების საბჭო მოამზადებს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სამოქმედო პროგრამას და ახალ დებულებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, ნიკო დადიანისეულ სასახლეში იწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის შედეგადაც ევროპელი ექსპერტების ჩართულობით დაიწყება ახალი საექსპოზიციო გეგმის შემუშავება. ასევე მოხდება სატესტო რეჟიმში გამოყენებული სარესტავრაციო მასალების შემოწმება და ტესტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება. შენობაში მიმდინარე რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ფონდი "ქართუ" დააფინანსებს.

რაც შეეხება უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ლილი ბერაიას, მან რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით, მინისტრს ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა, თუმცა მაშინ, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბერიას თქმით, მუზეუმის საგანძური მის დაქვემდებარებაში დარჩება.
Print