ახალი ამბები
ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პირველი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და სხვა სკოლების ჩართვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. 

მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს პროფესორ ნანა დიხამინჯიას საჯარო ლექცია თემაზე "მომავლის პროფესიები". ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერმა ავთანდილ მღებრიშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე: "სამგანზომილებიანი მოდელირება". მონაწილეები შეხვდნენ ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომელებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ტექნოლოგიების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში ამერიკიდან ჩაერთო კომპანია ეფლის ტექნოლოგიური ლიდერი მიხეილ წიკლაური.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებითა და მხარდაჭერით პროექტი "ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი" ნახევარი წლის წინ დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან 2 ზუგდიდის, ხოლო 1 სოფელ რუხის საჯარო სკოლაა, სადაც მოსწავლეები პროგრამირების საწყისებს სწავლობენ. რეგიონში პროექტს კოორდინირებას ზუგდიდის ტექნოპარკი უწევს.




Print