ახალი ამბები
ზუგდიდში, ქუჩაში ძაღლი მოკლეს - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე მოქალაქემ ე.წ. ტირის თოფიდან მძინარე ძაღლს ესროლა და მოკლა. ამის შესახებ თვითმხილველი მარიამ სიჭინავა ფეისბუკზე წერს. მისივე ცნობით, შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები იმყოფებოდნენ.

"ყველაზე მშიშარა და უვნებელი ძაღლი იყო, მაგრამ დამნაშავის განცხადებით ბავშვები ყავს დაგლეჯილი. საღამოს 8 საათზე, დღის შუქზე, ბავშვების თვალწინ ტირის თოფით ეზოში ძაღლებზე ნადირობა ზნეობის ყველა ნორმებს სცდება. მძინარე ძაღლი წამებში მოკვდა",- წერს ის.

ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების ინფორმაციით, ქალაქში არაერთი ძაღლია მოკლული, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცხოველი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს და სამართალდამცავები მომხდარს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით დაიწყო რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.
Print