ახალი ამბები
TI ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოებთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და შესაძლო პოლიტიკურ კავშირებზე კვლევას აქვეყნებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ფოთში თევზის გადამუშავებით გამოწვეულ პრობლემებზე მორიგ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქალაქის მოსახლეობას ქაფშიის გადამუშავების სეზონზე (ნოემბერ-თებერვალში) თევზის არასასიამოვნო სუნი წლებია აწუხებს, რის გამოც ადგილობრივები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ბოლომდე არ გადაჭრილა. TI-ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ახალ გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას და მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა ფოთში მომუშავე საწარმოებმა შეასრულონ მათთვის დაკისრებული ვალდებულებები და იზრუნონ გარემოდაცვითი რეგულაციების დაცვაზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, სახელწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები შესაძლოა მივიჩნიოთ არაეფექტურად, რადგანაც იგი გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს პერიოდულად ეკისრებათ ფინანსური სანქციები, გარემოსდაცვითი პრობლემები დღემდე მოუგვარებელია. შესაბამისად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს საწარმოთა დეტალური ინსპექტირება და დაადგინოს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და არასასიამოვნო სუნის გაფრქვევის მინიმუმამდე შესამცირებლად. მეორეს მხრივ, იკვეთება ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებს, პარტიების შემწირველებსა და არსებულ პრობლემებს შორის - კომპანიათა მფლობელების პოლიტიკური კავშირები, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამ საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა 2018 წელსაც გამოაქვეყნა, რომლითაც დადგინდა კავშირი თევზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და პარტია "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს შორის.

Print