ახალი ამბები
ხობში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაიტბორა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ხეთაში, ხამისკურში, თორსა და პირველი მაისში ძლიერი წვიმის შედეგად სახნავ-სათესი სავარგულები, ეზოები და სასოფლო გზები დატბორა. წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ გზაზე დროებით შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა.

ხობის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება გზები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.
Print