ახალი ამბები
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა - ზუგდიდში სროლის შედეგად დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატები
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაკავებულ ბიზნესმენს ბრალდება დღეს წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ივლისს, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ზ.კ იმავე დღეს დააკავეს.   მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთეს დაკავებულის უფლებადაცველებმა. ადვოკატები ამბობენ, რომ კვიკვინია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ის ბრალს არ აღიარებს.

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე 65 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გუშინ მოკლეს. დაიჭრა გარდაცვლილის შვილიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ბიზნეს წილებს უკავშირდება - დაკავებულია ზ.კ.

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა
Print