ახალი ამბები
დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, თენგიზ ცერცვაძე, ბონდო ჯიქია - ვინ გახდა 2020-2021 წლების საპატიო ზუგდიდელი
მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში 2020-2021 წლების საპატიო ზუგდიდელები და ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. საპატიო ზუგდიდელები გახდნენ: მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ბონდო ჯიქია, კახათის სკოლის ისტორიის მასწავლებელი ციალა პაჭკორია, დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი კლიმენტი კიკალიშვილი და ასოციაცია "დეას" ხელმძღვანელი მადონა ხარებავა. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება კი პოეტ მიმოზა ცანავას, სამოქალაქო აქტივისტ მართა ანნა გავინეკ-დაგარგულიას, ფეხბურთელ ოთარ გაბელიას, ექიმ თენგიზ ცერცვაძეს, მეცნიერ-მკვლევარ ნოდარ ჭითანავას და ვეტერან მორაგბეს ალექსანდრე ნაჭყებიას მიენიჭათ.


ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ, ნანა ჩიქავამ, "ოდოიამ", ასევე მოწვეულთა შორის იყვნენ ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კვინტეტი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით შარშანდელი დაჯილდოება პანდემიის გამო არ ჩატარდა, რაც შეეხება წლევანდელ ღონისძიებას, ის ვლაქერნობის დღესასწაულზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით რამდენიმე დღით გადაიდო.

საპატიო ზუგდიდელები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
Print