ახალი ამბები
ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობასა და მისი შვილის დაჭრაში ბრალდებულ ბიზნესმენს, ზაურ კვიკვინიას რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა, დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ზაურ კვიკვინია წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, დაკავებულმა სხდომაზე თქვა, რომ მას გრამიტონ ლაგვილავას მკვლელობა და მისი შვილის გიორგი ლაგვილავას დაჭრა წინასწარ არ ჰქონდა განზრახული. ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებულს ლაგვილავებისთვის მხოლოდ ავტომობილის დაზიანება სურდა და ამის შემდეგ, მათივე მტკიცებით, ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება მას მამა-შვილმა არ მისცა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ბრალდებულის ადვოკატები. ისინი რაიონული მოსამართლის ფატი ფურცხვანიძის განჩინების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

" ჩვენ ხვალვე გავასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას. განჩინება ფაქტობრივად ჩაგვაბარეს 15 წუთში, რაც სრული აბსურდია და მიუთითებს, რომ ასეთ რეჟიმში დასაბუთება, ეს არის შაბლონი, რასაც ვთხოვდით სასამართლოს, რომ არ ჩაებარებინა და არ მიეღო შაბლონური გადაწყვეტილება. პრინციპში სხვას არც ველოდით, რა მართლმსაჯულებაც გვაქვს გამოჩნდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კვალიფიკაციას, დანაშაულის არსებობა-არ არსებობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სტანდარტითაც არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა. ჩვენ შევაგროვებთ შესაბამის მტკიცებულებებს, რითაც დადგინდება, რომ არანაირი დანაშაული ანუ მართლსაწინააღმდეგო ქცევას ადგილი არ ჰქონია. მკვლელობის განზრახვა მას არ ჰქონია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ბატონ კვიკვინიას არანაირი განზრახვა არ ჰქონია, ერთადერთი რისი განზრახვაც ჰქონდა იყო სხვისი ნივთის დაზიანება, არ არის კარგი ქცევა, მოსაწონი ქცევა, თუმცა ეს ვერ მოგვცემს ჩვენ განზრახ მკვლელობის შემადგენლობას“, - განმარტა დაკავებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტოლსტოის ქუჩაზე 65 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბენზინგასამართ სადგურთან მოკლეს. დაიჭრა გარდაცვლილის შვილიც, რომელიც საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. გამოძიების ცნობით, მომხდარი ბიზნეს წილებს უკავშირდება.

Print