ახალი ამბები
კოლხეთის ეროვნულ პარკს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას, მათ შორის კოლხეთის ეროვნულ პარკს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას. მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. მისი უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

Print