ახალი ამბები
განადგურებული გზები, დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და დატბორილი სავარგულები - სტიქია მესტიაში
ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა მესტიის სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალასა და უშგულის მოსახლეობას.

„უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს, დაზიანებულია გზა. მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა "ხერაშის" ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია. ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქია კვლავ საფრთხეს უქმნის გზის რამდენიმე მონაკვეთს. სოფელ იფარში, მდინარე "ლასილურამ" წაიღო სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც დატოვებული ჰყავთ მერძეული საქონელი. ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები“, - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიაში ამბობენ, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები.

Print