რეგიონი
მესტიის ოთხი სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია
მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო და საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს. რეგიონში რამდენიმე ლოკაციაზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს, მათ შორის, როგორც მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი ვარაუდობს, უახლოეს საათებში გაიხსნება კალა-უშგულის გზის ჩაკეტილი მონაკვეთი.

“გარდა ამისა, მძიმე ტექნიკა იმუშავებს დღის განმავლობაში სოფელ ადიშთან დაზიანებულ გზაზე. ოთხი სოფელი ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს, მაგრამ, ვფიქრობთ, დღის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები. მთავარია, რომ გამოიდარა და დამატებითი პრობლემები წუხელ სტიქიას არ შეუქმნია”,-ამბობს ჟორჟოლიანი.

გუშინ მესტიაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში ადიდდა მდინარეები და ღელეები, დაზიანდა საავმტომობილო და შიდა საუბნო გზებიც, დაიტბორა საძივრები და სახნავ-სათესი სავარგულები. ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს. ზარალს მესტიაში სპეციალური კომისია დაითვლის.
Print