ახალი ამბები
განმუხურის სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემზე ბიბლიოთეკის მოწყობა სურთ
განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემში საზღვაო ბიბლიოთეკის მოწყობა სურთ. ინიციატივის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორმა დაწერა. ბესიკ არახამია თვლის, რომ ეს ზღვაზე დამსვენებლებისთვის ინტელექტუალური და გასართობი სივრცე იქნება. 

"ანაკლია - განმუხურის საფეხმავლო ხიდის სათავესთან მოკალათებული გემი წიგნის მოყვარულთა საყვარელი ადგილი გახდება. გვაქვს იდეა, ვინც თუნდაც ნახევარი საათით ესტუმრება საზღვაო ბიბლიოთეკას და წაიკითხავს წიგნს, უფასოდ გავუმასპინძლდეთ ყავით ქვიშაზე, ხოლო ვინც ერთი საათს გაატარებს წიგნთან, შესაძლოა შოკოლადსაც უფასოდ გამოკრას ხელი", - ამბობს ბესიკ არახამია.

როგორც მან გვითხრა, გემზე მცირე ზომის ბიბლიოთეკის განთავსება უსაფრთხოა და ამისთვის შიდა სივრცეებია მოსაწესრიგებელი.

"ყველა გულკეთილი ადამიანის დახმარება გვჭირდება, რომ ეს პროექტი სისრულეში მოვიყვანოთ. ჯერ მხოლოდ იდეაა და ვეძებ მხარდამჭერებს. საჭიროა გემის კეთილმოწყობა, შეღებვა და შიდა სივრცის მოწესრიგება. დგას უსაფრთხოდ, დამონტაჟებულია. მთავარია სპონსორი", - აღნიშნა მან.
Print