ახალი ამბები
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები სასურველ სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. ინფორმაციას განათლების სამინისტროს ავრცელებს.

მინისტრის ბრძანებით, დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.

"აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არ არსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print