ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 86 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 407 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 167 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 32-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, გაგრის კლინიკაში 42, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 პირი მკურნალობს, ხოლო ტყვარჩელში 13.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 974 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 326, გამოჯანმრთელდა 18 265 მოქალაქე.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშო ეპიდვითარებაზე საუბრობენ და დე ფაქტო ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რასაც აფხაზი დეპუტატების ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა, სოხუმს ახალი აკრძალვები ჯერჯერობით არ დაუწესებია.

სოხუმში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მათ რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი "სპუტნიკ ლაითი" გადასაცა, რომლის 5 ათასი დოზა 6 აგვისტოს ჩაიტანეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. ამავე ინფორმაციით, "სპუტნიკ ლაითი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინაა, რომელიც ჩოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V– ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს.


Print