ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში ვაქცინაციის პროცესს მუნიციპალიტეტებში შექმნილი ოპერატიული შტაბები განახორციელებენ
სამხარეო ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის საკითხი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლად მდებარე ამბულატორიებში მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის კოორდინირებით ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები. გეგმის თანახმად, გამოყოფილია დამატებითი ასაცრელი სივრცეები, მოხალისეების მობილიზებას კი ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამასთან, გარკვეული ჯგუფებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება.

ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის, ჯიხაშკარის, ჭაქვინჯის, დარჩელის, ერგეტის, ცვანეს, ორულუს, ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას. სოფლების გარდა, იმუნიზაცია შესაძლებელია რეგიონის 13 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად, ასევე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 2253 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 350 რეგიონში არსებულ 6 კოვიდ კლინიკაში მკურნალობს, 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
Print