ახალი ამბები
გამოკითხულთა 76% ევროკავშირის წევრობას ემხრობა, ნატო-ს კი 74% - NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი გახდეს.

კერძოდ, გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ მისაღებია საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 11%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 13%-მა არ იცის. გამოკითხულთა უმრავლესობა -74% ასევე ემხრობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. 11%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 14%-მა არ იცის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, ასევე დადებითად აფასებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასა და უვიზო მიმოსვლას.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Print