ახალი ამბები
სოხუმი მზადაა რუსული საველე ჰოსპიტალის მისაღებად
სოხუმში აცხადებენ, რომ უკვე აღჭურვილია ტერიტორია, რომელზეც რუსული საველე ჰოსპიტალი განთავსდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ადუარდ ბუთბამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, ჰოსპიტალი უკვე მეორედ ჩამოდის აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ალექსნდრე ანქვაბის განცხადებით, ჰოსპიტალი ამჯერადაც სოხუმის ცენტრში, პანსიონატ "აიტარის" ტერიტორიაზე განთავსდება. მისი თქმით, პანსიონატის ორი კორპუსი, სადაც აჟამად ტურისტები ცხოვრობენ, იზოლირებული იქნება ჰოსპიტალისგან, წერს "აფსნიპრესი".

ანქვაბს არ დაუზუსტებია, თუ როდის ელოდებიან რუს მედიკოსებს. ჟუნალისტების შესაბამის კითხვაზე, მან უპასუხა, რომ ისინი უახლოეს პერიოდში ჩამოვლენ.

რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე მოქმედებდა.

სოხუმმა ბოლო - დღე ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 104 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 23 303 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 336, გამოჯანმრთელდა 18 906 მოქალაქე.





Print