ახალი ამბები
ბათლომე შელია დეპუტატობისთვის ზუგდიდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებს
"ევროპულ საქართველოს" ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის მხოლოდ ერთი კანდიდატი ეყოლება. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ბათლომე შელია ქალაქის ცენტრალურ - პირველ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ისინი ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ და აღნიშნული ოლქის გარდა, ყველგან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ენმ-ის მაღალი რეიტინგებიდან გამომდინარე მიიღეს.

"ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის, ენმ-სთან და "ლელოსთან" შეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, რომ სოფლებში ყველგან ენმ-ს წარმომადგენლები უნდა იყვნენ კანდიდატები, რადგან ყველამ ვიცით, რომ ენმ-ს დიდი უპირატესობა აქვს ყველა არჩევნებზე ზუგდიდში, განსაკუთრებით სოფლებში. ამ მოცემულობას პრაგმატულად  უნდა შევხედოთ და ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ მმართველი პარტია. პირველი მაჟორიტარული ოლქი იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ "ქართული ოცნება" ყველაზე მეტ ადმინისტრაციულ რესურს აქ იყენებს. შევეცდები დავარწმუნო საჯარო მოხელეები, რომ ისინი მმართველი პარტიის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებულები და უნდა განთავისუფლდენენ ამ წნეხისგან", - აღნიშნა მან.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია იბრძოლებს, ხოლო ენმ-დან ექიმი და ამავე პარტიის ლიდერის მამა, ანზორ მელია.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print