ახალი ამბები
ენმ-მ მერობის კანდიდატები სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც დაასახელა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიიდან მერობის კანდიდატები დღეს სენაკში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში წარადგინდა. მისი განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გია ხარჩილავა იბრძოლებს.

"ის არის ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს წალენჯიხის განვითარებაში და სარგებლობს სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით", - თქვა მელიამ.

სენაკში მერობისთვის ბრძოლაში ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ერთვება. როგორ ნიკა მელიამ აღნიშნა, სწორედ კობა ნაყოფიას დამსახურებაა, რომ პარტია "გადარჩა და გაძლიერდა".

"კობა არის ყველა ეტაპზე პრინციპულობის, შეუპოვრობისა და გამბედაობის მაგალითი. მას ზუსტად ესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ოქტომრის რეფერენდუმს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ჩხოროწყუს, აქ პარტიის სახელით მერობისთვის კენჭს ბადრი ქარჩავა იყრის.

"ბადრი ქარჩავა ადგილობრივ საჯარო უწყებებში იყო დასაქმებული და ერთგულად ემსახურებოდა და ემსახურება მშობლიურ რაიონს", - თქვა ენმ-ის ლიდერმა.

პარტიამ კანდიდატები უკვე წარადგინა ზუგდიდში, ფოთში, მარტვილსა და ხობში. რაც შეეხება მესტიას, აქ ისი მხარს გეგი გულედანს დაუჭერენ.


Print