ახალი ამბები
აბაშაში მაშველებმა მდინარეში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს​
მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ერთი პირის ცხედარი მდინარეში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე. სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე მოხდა დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. წყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აბაშაში, სოფელ გულეიკარის ტერიტორიაზე, 9 წლის ბიჭი მდინარე რიონში თანატოლებთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო. რამდენიმე ბავშვის ამოყვანა მეთევზეებმა მოახერხეს.
Print