ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად მამუკა წოწერია წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ" დადიანების სასახლეთა ეზოში, მერობის კანდიდატად მამუკა წოწერია ოფიციალურად წარადგინა. მასთან ერთად შეკრებილებს ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნეს. შეხვედრას პარტიის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.

მამუკა წოწერიამ პარტიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას, იმისთვის რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს.

"ზუგდიდი ჩემი ოჯახია, მასთან არის დაკავშირებული ჩემი წარსული, აწმყოცა და მომავალიც. აქ იზრდებიან ჩემი შვილები და ბუნებრივია, რომ ქვეყნად ზუგდიდი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. სამეგრელოს გული, სადაც ცხოვრობენ კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ინტელიგენტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. 

დღეს ჩვენ ვიცით და ვამბობთ, რომ ზუგდიდი ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით და თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრინციპი და გამოცდილება ხალხთან უწყვეტი ურთიერთობაა. ამან საშუალება მომცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ზუსტად შემესწავლა ის პრობლემები და გამოწვევები და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განგვესაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები, როგორიც არის სოფლების წყალმომარაგება სოფლებსა და ქალაქში საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და სტანდარტიზაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მეტი სამუშაო ადგილები და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის ამაღლება და რა თქმა უნდა ჩვენი ახალგაზრდობა მათთვის ღირსეული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმების პრობლემის უზრუნველყოფა.მათი შემოქმედებითი, პროფესიული და სხვა სახის ინტერესების განხორციელება და რა თქმა უნდა ქალაქში არსებული ქალაქის გენერალური გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, და რა თქმა უნდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ძირითადი პრიორიტეტებისა, რომელიც უპირატესი ხელშეწყობის ობიექტი იქნება და გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და თითოეულ ადამიანებამდე მივიდეს, დიდი მადლობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
Print