ახალი ამბები
მარტვილში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით,  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი, მუხის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ამავე ცნობით, მეორე, ასევე ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო მარტვილის სოფელ ბალდაში იყო განთავსებული. საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 12 ერთეული წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

"ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




Print