ახალი ამბები
სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება, შეიზღუდება ბაღების მუშაობაც
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

“ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”,- თქვა ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 405 დაფიქსირდა.

Print