ახალი ამბები
კოვიდ-19-ის აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით 7 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამდასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი რუხის საავადმყოფოს თანამშრომელია.

Print