ახალი ამბები
აფხაზეთის სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში დღეს სასწავლო წელი დაიწყო. "განათლების სამინისტროს" ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროცესი განახლდა 155 სკოლაში, მათ შორის, 2 კერძოში.

ამავე მონაცემებით, წელს დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში 2056 პირველკლასელი წავიდა, თუმცა, განაცხადების მიღება, 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ, 2021 წელს, რესპუბლიკის სკოლებში 28 ათასი მოსწავლე სწავლობს და 4 ათასი მასწავლებელია დასაქმებული.

აფხაზეთში სასწავლო წლის 1 სექტემბერს განახლები შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდება. გაბლიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება "ხელისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მიიღო". მან განმარტა, რომ სასწავლო დაწესებულებებში წელსაც იგივე შეზღუდვები იქნება, რაც შარშან იყო, გარდა კლასების დაყოფისა. "მინისტრმა" მშობლებს მიმართა თხოვნით, ხელი შეუწყონ სკოლების განტვირთვას და შვილები, საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ არსებულ სკოლებში გადაიყვანონ. ასევე, გაბლიამ ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ინფიცირების 111 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.


Print