ახალი ამბები
გაეროს განვითარების პროგრამამ სოხუმს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გადასცა
პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით, ევროკავშირმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს, ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გადასცა. ამის შესახებ "აფსნიპრესს" გაეროს განვითარების პროგრამის სოხუმის ოფისში განუცხადეს.

ამავე ინფორმაციით, ტვირთი მიწოდებულია გუდაუთის, გალის, სოხუმის ინფექციური საავადმყოფოების და Covid - 19 - ის ამბულატორიული ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით.

ამჯერად, მასში შედის: 200 სამედიცინო დამცავი კომბინეზონი, 1 600 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 18 000 ბახილი, 7 000 სამედიცინო ჩაჩი, 100 ციფრული თერმომეტრი, 60 პულსოქსიმეტრი, 550 ლიტრი სადეზინფეციო ხსნარი ხელების და კიდევ 300 - ზედაპირების დასამუშავებლად, 50 ლიტრი თხევადი საპონი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სოხუმმა კორონავირუსის 111 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25199 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 380, გამოჯანმრთელდა 21 165 მოქალაქე.

Print