ახალი ამბები
სოხუმი: თბილისმა ჩაშალა აფხაზეთის მონაწილეობა თურქეთისა და პოლონეთის გამოფენებზე
სოხუმში აცხადებენ, რომ თბილისის საპროტესტო ნოტის გამო თურქეთში აფხაზ მეწარმეებს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამეწარმეო პალატამ გააკეთა განცხადება, წერს „აფსადგილ ინფო“. საუბარია სტამბოლში 2021 წლის 1 სექტემბერს გამართულ კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე "CNR Food Istanbul", სადაც აფხაზი მეწარმეების პროდუქციაც უნდა გამოეფინათ.

“სამწუხაროდ, საქართველოს საელჩომ თურქეთში, აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში გამოფენაზე შესაძლო მონაწილეობის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს. გამოფენის ორგანიზატორები კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლით, იძულებული გახდნენ, ბოლო წუთს აფხაზეთი ამოეღოთ გამოფენის მონაწილე ქვეყნების შემადგენლობიდან”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევა ერთი კვირის წინაც მოხდა, როდესაც აფხაზეთს უარი უთხრეს ვარშავაში 2022 წლის 5-7 აპრილს დაგეგმილ «WorldFoodPoland”- ის გამოფენაში მონაწილეობაზე. „საქართველოს მხრიდან განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, სავაჭრო -სამრეწველო პალატა აპირებს გააგრძელოს მონაწილეობა საგამოფენო და სამართლიან ღონისძიებებში, ხელი შეუწყოს რესპუბლიკის პოზიტიურ იმიჯს და მიაწოდოს სანდო ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობას“, - აცხადებენ ის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამეწარმეო პალატაში.


Print