ახალი ამბები
"ენგურჰესის" ტურისტული ცენტრის მოწყობა იწყება - ჰყავს თუ არა პროექტს ინვესტორი
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი დაიწო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შპს "ენგურის ტურისტული ცენტრის" ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესაუბრა. მისივე თქმით, პროექტის რეალიზაცია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იწყება და ობიექტი პირველ დამთვალიერებელს წელსვე მიიღებს.

"ეს გულისხმობს იმას, რომ წელსვე შეიძლება გავხსნათ პირველი ტური და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისეთ ადგილებში მივიდნენ, რომელიც აქამდე ჩვეულებრივი ვიზიტორებისთვის დახურული იყო. მომზადდება საინფორმაციო ბანერები და სატენდერო დოკუმენტაციები, რომ მომავალი წლის დასაწყისიდანვე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყოს და ამის პარალელურად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გულისხმობს ინვესტორების მოძიებას. ეს არის მომგებიანი პროექტი და აუცილებელია აქ სახელმწიფოს გვერდში დადგეს  კერძო ფონდები თუ ბიზნესორგანიზაციები. აქ საუბარია არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ინვესტორების მოძიებაზე. აი, ეს პროცესი დაიწყო უკვე და ნელ-ნელა დაიქოქება. ერთ წელიწადში ასევე შეიძლება მოეწყოს ზიპლაინი, ნავებით გასეირნებაც მალე დაიწყება და რაც მთავარია, ვიზიტორებს წელსვე ექნება შესაძლებლობა ორგანიზებულად დაათვალიერონ  უნიკალური საინჟინრო თვისებების მქონე ნაგებობა, გვირაბები, სხვადასხვა ადგილები და ა.შ", - განმარტავს ანთიძე.

ჩვენს კითხვაზე, ამ ეტაპისთვის დაინტერესებულია თუ არა პროექტით რომელიმე ინვესტორი, ანთიძემ გვიპასუხა, რომ ჯერჯერობით არა, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესის დაწყების შემდეგ დაინტერესებული მხარეები გამოჩნდებიან.

"აი, ამ ეტაპზე არ გვყავს ნამდვილად, საზოგადოებას ვერ შევიყვანთ შეცდომაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ პროცესებს, რომ დავძრავთ გვექნება შესაძლებლობა ფართოდ გავიდეთ ინვესტორების გარკვეულ ჯგუფზე. ის, რაც ახლა იწყება არის ამ ტურისტული ობიექტის პოპულარიზაცია. ყველა ინვესტორი უყურებს იმას თუ რას აკეთებს პროექტის ხელმძღვანელობა. ინვესტორი დაინტერესდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მოქმედებები დაიწყება", - აღნიშნა ანთიძემ.

ინფორმაციისთვის, ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტი ესტონურმა კომპანიამ "KOKO arhitektid OÜ" მოამზადა. ის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას გულისხმობს. პროექტის განხორციელებას 30 მილიონი ევრო დასჭირდება, თუმცა ბიუჯეტი შესაძლოა დაკორექტირდეს.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.


ამავე თემაზე:

„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - პროექტირება დასრულებულია (ვიდეო)




Print