ახალი ამბები
ფოთის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერიაზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა - TI-ის ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ორგანიზაციის დაკვირვებებს, საკრებულოდან გამოთხოვილ და ასევე მის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა ეფუძნება.

ანგარიშის მიხედვით, ფოთის საკრებულო აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. ამასთან, საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას.

ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები:


ფოთის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
საანგარიშო პერიოდში ფოთის საკრებულოს სხდომათა (22 სხდომა) ნახევარზე მეტი (13 სხდომა) რიგგარეშე იყო;

ფოთის საკრებულოში ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონდა 13 თანამდებობის პირს. დეკლარაცია 6-მა არასრულად შეავსო;
ამავე პერიოდში საკრებულოს 6 ფრაქციიდან ინიციატივა არც ერთ ფრაქციას არ ჰქონია;

ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 303,016 ლარი შეადგინა;

ფოთის საკრებულოში მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა, წინა პერიოდის მსგავსად, საბჭოს არ განუხორციელებია როგორც სამართლებრივ აქტების ანალიზი, ასევე ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. ფოთის 4 საკრებულოში გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე არცერთი განცხადება, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაცია არ შესულა.

საკრებულოს წევრებმა ჯამურად საკრებულოს სხდომები 140-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 134-ჯერ არასაპატიო მიზეზით. კომისიების სხდომების გაცდენის 200 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 195-ჯერ არასაპატიო მიზეზით;

საკრებულოს მოქმედ წევრთა შორის ფრაქცია “ქართული ფესვების” თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ჩაჩუა ერთადერთია, რომელსაც საკრებულოს სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია. თითოჯერ გამოვიდნენ სიტყვით ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები აპალონ ბჟალავა და მალხაზ ფოჩხუა;

საკრებულოს 25 წევრიდან 16 წევრი არ გამოსულა მოხსენებით საკრებულოს წინაშე;

საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი სხდომა (17 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “კოლხეთის” თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა გააცდინა, კომისიის ყველაზე მეტი სხდომა (32 სხდომა) კი არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “კოლხეთის” თავმჯდომარის მოადგლემ პაატა ჩაგანავამ გააცდინა. აღსანიშნავია, რომ მაია ჩხარტიშვილი და პაატა ჩაგანავა საკრებულოსა და კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობით წინა პერიოდშიც (2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით) ლიდერებს შორის იყვნენ;

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ფოთის საკრებულოს ხარჯებისთვის 1,293,800 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც სახელფასო ანაზღაურებაზე 973,367 ლარი დაიხარჯა, ზოგიერთ საჯარო მოხელეზე გაიცა საკლასო დანამატი 1,236 ლარის ოდენობით, ასევე შესყიდულ იქნა 68,303 ლარის ოდენობის 16.36 ტონა საწვავი
საკრებულოს მიერ გახარჯული ჯამური საწვავიდან 4 ტონამდე (3,896 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით - 9,530 ლარი) ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბექა ვაჭარაძემ გახარჯა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ფოთის საკრებულოს საქმიანობა 2020 წელსაც შეაფასა, რომლის საანგარიშო პერიოდი  2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს მოიცავდა.

Print