ახალი ამბები
„ლელოს“ ზუგდიდის ოფისი: „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ე.წ. სურათებიანი სიები აქვთ
„ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ქოჩუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ე.წ. სურათებიანი საარჩევნო სიები აქვთ და მათზე დაყრდნობით მუშაობენ. მისივე თქმით, ეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაა, რაც კანონით აკრძალულია.

„მოვიძიეთ კონკრეტული ფაქტები. მოვიპოვეთ რამდენიმე საარჩევნო უბნის უკანონო დოკუმენტის ფოტომასალა. ეს არის ინგირის #47-ე, #94-ე და ქალაქის #9-ე უბნის საარჩევნო სიის ნაწილი, რითაც მუშაობენ შტაბში. მივმართავ პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, საოლქო საარჩევნო კომისიას, იუსტიციის სახლს,  გაგვცენ პასუხი, თუ საიდან მოიპოვეს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია“,- ამბობს ქალაქის ზუგდიდის #2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ ქოჩუა.

პარტია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიან არჩევნებს“ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ შტაბში „ლელოს“ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ ის სიები აქვთ, რომელთა გამოთხოვა ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია.

"ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აქ საუბარი არ არის პერსონალურ მონაცემებზე. ამის უფლება აქვს "ლელოსაც", ეს მონაცემები, ღიად, საჯაროდ გაკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში“, - გვითხრეს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print