ახალი ამბები
გიგა ფარულავა: ჩვენმა წევრმა კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოიხსნა
„საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ კანდიდატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. გახარიას პარტიის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ მათი სიის მე-19 ნომერმა, გიორგი ჯოჯუამ კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოიხსნა. მისივე მტკიცებით, მუქარა უშუალოდ ჯოჯუას მიმართ განხორციელდა.  

„ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ოცნება“ არის შეშინებული  და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პარტია. მათ უკვე გადაკვეთეს ყოველგვარი წითელი ხაზები, რომელთა აპელირებითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს. „ქართული ოცნება“ მიმართავს გაუგონარ მეთოდებს კანდიდატების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ისინი მოქმედებენ ახალგაზრდა, პერსპექტიული კანდიდატის წინააღმდეგ და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის პროფილს და საქმიანობას“, - თქვა ფარულავამ.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ფოთში მათი კანდიდატების მოსყიდვის მცდელობა იყო.

„კანდიდატებს შესთავაზე სოლიდური თანხა, რათა მოეხსნათ კანდიდატურები. ეს არის როგორც დანაშაული, ასევე  სახიფათო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - აღნიშნა ფარულავამ

დაშინებას უარყოფს თავად გიორგი ჯოჯუა და შექმნილი უხერხულობისთვის პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ბოდიშს უხდის.

„მე არ წავსულვარ მხოლოდ "გახარია -საქართველოსთვის" პარტიიდან, ზოგადად, არ ვიქნები პოლიტიკურად აქტიური. აქედან გამომდინარე, სხვა მიზეზი არ არსებობს. მე მინდა ვისარგებლო თქვენი მედიასაშუალებით და ბოდიში მოვუხადო პარტია „საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისის წევრებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემი გუნდელებისთვის არ შემითანხმებია. მე დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და ვუსურვებ წარმატებებს“, - უთხრა „ათინათს“ ჯოჯუამ.

თავის მხრივ, გახარიას პარტიის ბრალდებებს უარყოფენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში. ისინი აქცენტს ბოლო დროს მედიით გავრცელებულ ინფორმაციებზე აკეთებენ, რომლის მიხედვით „საქართველოსთვის“ რიგებს პარტიის წევრები ტოვებენ.

„მე მესმის ამ ადამიანების, ეს არ არის სხვისი პრობლემა, ეს არის უშუალოდ ამ პარტიის და მისი პოლიტიკის პრობლემა. რა ზეწოლაზეა საუბარი, როდესაც ეს ადამიანები ღიად და საჯაროდ აფიქსირებენ მათ პოზიციებს. იმდენი ადამიანი გაექცათ ახლა სურთ, რომ ტყუილებით გადაფარონ მათი პოლიტიკის მარცხი. კონკრეტულად გიორგი ჯოჯუა ჯერ კიდევ 25 აგვისტოს სოციალურ ქსელში წერდა, რომ უარს ამბობდა პოლიტიკაში ყოფნაზე და ეს გადაწყვეტილება ამცნო თავის ფეისბუქ აუდიტორიას, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც შეიყვანეს სიაში“, - ამბობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი ლაშა გვასალია.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print