რეგიონი
მეგის ქარდავა: უკრაინიდან საქართველოში ჩემი ექსტრადაცია იგეგმება
სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის განცხადება ვრცელდება, რომელსაც „ფეისბუქზე“ მეგის ქარდავას სახელით მისი მეუღლე აქვეყნებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ქარდავა წერს, რომ  მისი უკრაინიდან საქართველოში დაჩქარებულად ექსტრადირება იგეგმება.


„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის“, - წერს მეგის ქარდავა.

ყოფილი მაღალჩინოსანი მიმართავს სახალხო დამცველის აპარატს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა დაიცვან მისი უსაფრთხოება.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება, პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილება მას უკვე ჩაბარდა.

მეგის ქარდავა  2017 წლის პირველ ნოემბერს უკრაინაში დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

Print