რეგიონი
განათლების სამინისტრო გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

,,ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად'', - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დე ფაქტო განათლების სამინისტორს გადაწყვეტილებით გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 14 სექტემბერს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
Print