რეგიონი
ზუგდიდში მცხოვრებ რამდენიმე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ
ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოთ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.

„ჩვენ ინტენსიურად ვხურავთ იმ კომპაქტურ შენობებს, სადაც უმძიმესი პირობებია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, განსახლება კრიტერიუმების გარეშე მოხდება. დეტალურ შესწავლას ოქტომბრის თვიდან დავიწყებთ და დევნილი მოსახლეობის განსახლების პროგრამა აქტიურად დაიწყება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ცნობით, 2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში იგეგმება 1700 ბინის აშენება დევნილებისთვის.

ფოტო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფეისბუქ გვერდიდან

Print