ახალი ამბები
განმუხურში, გემი-ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილება ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება
განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემში საზღვაო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილება ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, რამდენიმე დღის წინ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს. მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკის მოწყობას, დაახლოებით, 1 წელი დასჭირდება.

"აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება. ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს - თავდაპირველად გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება. ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები - წიგნისა და განათლების", - წერს კეკელიძე. 

გემში ბიბლიოთეკის გაკეთების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორს ეკუთვნის. ბესიკ არახამია თვლის, რომ ეს ზღვაზე დამსვენებლებისთვის ინტელექტუალური და გასართობი სივრცე იქნება. 


ამავე თემაზე: 

განმუხურის სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემზე ბიბლიოთეკის მოწყობა სურთ
Print