ახალი ამბები
ასლან ბჟანია - ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთთან შეთანხმებას უახლოეს ხანში მოეწერება ხელი
"ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითვალისწინებს, ხელი უახლოეს ხანში მოეწერება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განუცხადა, იტყობინება "ტასი".

"წელს მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების საფუძველი გახდება. ის ასევე განსაზღვრავს პირთა სამართლებრივ სტატუსს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია. შეთანხმება მზად არის. ის შეთანხმებულია რუსეთისა და აფხაზეთის მხარეებს შორის და მას ხელი უახლოეს ხანში მოეწერება" , - განაცხადა ბჟანიამ. თუმცა, მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 140 ათასამდე ადამიანს, "აფხაზეთის მოქალაქეობის პარალელურად, რუსული მოქალაქეობაც აქვს მინიჭებული". ამავე ინფორმაციით, "რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამდე 2008 წელს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას გამარტივებული წესით ანიჭებდნენ", აღიარების შემდეგ კი, მათზე ზოგადი კანონი ვრცელდებოდა.

Print