ახალი ამბები
პროკურატურა: მოქალაქეს დარჩელში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

"პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა მურთაზ ჯოლოხავას კანონიერ მფლობელობაში არსებული, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე 16 107 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, უწყება გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.


Print