ახალი ამბები
ვის სურს ზუგდიდის მერობა
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ყველა მათგანი პარტიების მიერ არის წარდგენილი. ცესკოს მონაცემებით, კანდიდატი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", გახარია - საქართველოსთვის" და "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

კანდიდატების ჩამონათვალს საარჩევნო ნომრის მიხედვით გთავაზობთ:

ანზორ მელია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (საარჩევნო ნომერი 5)


კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ანზორ მელია 1947 წლის 5 აგვისტოს ზუგდიდში დაიბადა. სამედიცინო განათლება მოსკოვში მიიღო, 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის შეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1986-1996 წლებში იგი ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან კარდიოლოგიურ კლინიკა "გულის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. ის ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მამაა.

ილია ჩაჩიბაია - " საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (საარჩევნო ნომერი 8)

ილია ჩაჩიბაია მერობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. ის 1989 წელს ზუგდიდში დაიბადა. პროფესიით ჟურნალისტია. ბოლო ათი წელია მუშაობს ტელერადიო კომპანია "ობიექტივში".  არის გადაცემების წამყვანი და პროგრამების ხელმძღვანელი. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიარა საგანმანათლებლო პროგრამა.

გიორგი შენგელია - "გახარია - საქართველოსთვის" (საარჩევნო ნომერი 25)

გიორგი შენგელია დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს, ქალაქ ზუგდიდში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. 2004-2018 წლებში მუშაობდა საბანკო სფეროში მაღალ პოზიციებზე. 2018 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2019 წლის 19 მაისიდან 2021 წლის 17 მაისამდე იყო ზუგდიდის მერი. 2021 წლის 17 მაისს შენგელიამ დატოვა მერის თანამდებობა. 9 ივლისს დაადასტურა, რომ უერთდებოდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის".

მამუკა წოწერია - ქართული ოცნება (საარჩევნო ნომერი 41)

მამუკა წოწერია დაიბადა 1974 წლის 10 იანვარს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1996-2008 წლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას.  ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. 2010 - 2011 წლებში დასაქმებული იყო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. 2014 წელს გახდა ზუგდიდის საკრებულო მაჟორიტარი დეპუტატი. 2016 წელს დაინიშნა ზუგდიდის  გამგებელის პირველ მოადგილედ. 2017 წლიდან  დღემდე კი არის  საკრებულოს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.




Print