ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში "ქართული ოცნების" დავალებით ფულს არიგებენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს. ასევე, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს რეგისტრატორები დაზიანებულ ან უბეჭდო ბიულეტენებს აძლევენ. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აგიტაციას საარჩევნო უბნების სიახლოვეს ახორციელებენ.

"ადამიანები მანქანებით გადაადგილდებიან ზუგდიდსა და სოფლებში: მაგალითად, ვერცხლისფერი "ტოიოტა პრადო" სანომრე ნიშნით 548, რომელსაც მართავს გია სალია და სწორედ ის ხელმძღვანელობს ფულის დარიგების პროცესს. ასევე "მიცუბიში კოლტი" 458, "ოპელ ასტრა" 724, რომლიც ფაიფურის ტერიტორიაზე ახორციელებს ფულის დარიგებას 724. 24-ე უბანზე ფულის დარიგებას ხელმძღვანელობს მერიის თანამშრომელი ლაშა ჯიქია, რომელიც გადაადგილდება "მერსედესით", ნომრით 706. ფაიფურის ტერიტორიაზევე ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობს საბა ქუთელია და ასევე ფაქტები დაფიქსირებულია ზუგდიდის მე-7 და 90-ე უბანზე. 8-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვას ხელმძღვანელობს მერიის თანამშრომელი მურთაზ ბოკუჩავა და ასევე ინგირის საარჩევნო უბანზე დათო ჭურღულია", - აღნიშნა წითლიძემ.

ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან  დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა.
Print