ახალი ამბები
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან
მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ორი პირი - 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

"მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია შშს განცხადებაში.

დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალი 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print