ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე, დანაშაულის დაფარვას ედავება.

დაკავებულების ადვოკატის გიორგი გოგინავას განცხადებით, წოწორიების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. დაცვის მხარე მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს, 5000-5000 ლარის ოდენობით სთავაზობდა. დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
Print