ახალი ამბები
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი, გლოვის დღედ გამოცხადდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოიყვანეს მაშველებმა. ნანგრევებში მაშველების მიერ ნანახი იყო ხუთი ცხედარი.

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი, 36 წლის მამაკაცი, ბათუმის კლინიკა "მედცენტრში" მართვით სუნთქვაზე რჩება, მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც მძიმეს.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.



Print