ახალი ამბები
მეუფე გრიგოლი: მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა. სასულიერო პირი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დასძლიოს ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. მიტროპოლიტმა საზოგადოებას ეპარქიის ფაისბუკგვერდის საშუალებით მიმართა:

„ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს ვიყავი ძველ ხიბულაში, ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც მოვინახულე ახალაშენებული საეკლესიო კომპლექსი, რომელიც მართალი ლაზარეს აღდგინების სახელზე აშენდა და უახლოეს მომავალში მოხდება მისი კურთხევა. ამ კომპლექსის მიმდებარედ კი დგას სახლი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე; ვდგავარ იმ ოთახში, სადაც უკანასკნელი ღამე გაათენა, უკაცრავად, ვერ გაათენა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ; გონებაში ცოცხლდება მისი განწირული სულისკვეთება და ვფიქრობ დღევანდელ დღეზე და შექმნილ მდგომარეობაზე.

სამი ათეული წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს ბევრი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილი და ჭრილობა აწუხებს; ჯერ კიდევ ოკუპანტის ხელშია მოქცეული დროებით დაკარგული ტერიტორიები, ქართული კულტურის ძირძველი და მკვიდრი კერები, და ჩვენი ერთ-ერთი (ერთმორწმუნე) მეზობელი ქვეყანა დღემდე ახორციელებს მათზე არაკანონიერ და უსამართლო კონტროლს.

მართალია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება გადაუდებელ ამოცანად გვესახება, თუმცა ამას ვერ მოახერხებს ის სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც პოლარიზებული და ურთიერთდაპირისპირებულია, ერთმანეთს მტრობს და ვერაფრით ახერხებს თანაცხოვრებას. ვერა და ვერ მივაღწიეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილეობით საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წარმართვას.

მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ და რას დავინახავთ? დავინახავთ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვები და მიზნები ხშირად (რომ არ ვთქვათ - ძალიან ხშირად!) ურთიერთსიძულვილის, პოლიტიკური შურისძიებისა და გაუტანლობის საფუძველი ხდება. არადა, ეს როგორმე უნდა დაიძლიოს! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაძლიოს ეს სიძულვილი, შურისძიება, გაუტანლობა. როგორმე უნდა შევძლოთ ურთიერთმიტევება, შერიგება, დიდ სახელმწიფოებრივ მიზნებთან მიმართებით ერთმანეთთან თანხმობა და, რაც მთავარია, მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენს ძვირფას და ღვთივკურთხეულ ქვეყანაში.

სწორედ ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახლა, როცა ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება კვლავაც გზაგასაყარზეა, უნდა შევძლოთ ამ საბედისწერო მანკიერი წრის გარღვევა და გრძელვადიან პერსპექტივაში შევთანხმდეთ მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებზე. ჩვენ ვდგავართ ისტორიული აუცილებლობის წინაშე, რომ კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვიქადის დღევანდელი მდგომარეობა. კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ ვის აწყობს შელახული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი ყოფილი თუ ამჟამინდელი წარმომადგენლების დისკრედიტაცია. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შედის.
ნუთუ არ ვიცით, რომ „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“?! (მც. კურთხევანი)
ნუთუ არ გაგვიგია, რომ „ყოველი კაცი ცრუი არს“?! (ფს. 115,11);

ვის შეუძლია დაიკვეხნოს უცოდველობით ან თუნდაც შეუცდომლობით?!

ქრისტიანობის თაურწყაროებს ნაზიარებ ერს ეს კარგად მოგვეხსენება, რომ შემწყნარებლობა ერთ-ერთი შემადგენელია ჩვენი სულიერი სწავლებისა. ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ურთულეს ჟამს გვმართებს საკუთარ თავზე მაღლა დადგომა;

ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!
ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა „გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?!

მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში არის სახლი, სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს; მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა „უკანონოდ“ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრული; შემდეგ იყო მთაწმიდის სავანე, დატირება.

საკითხავია ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, ამჟამად დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის გარდა, ქართული მართლმსაჯულება კიდევ რამდენიმე საქმეს ედავება. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.


Print