ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ მოსკოვის შეხვედრაზე აფხაზეთში ავიამომისვლის განახლების საკითხი განიხილა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვერაზე აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს. მხარეებმა განსაზღვრეს პროექტის რეალიზაციის სქემა, რომელიც მოიცავს "ნორმატიულ - სამართლებრივ რეგულირებას, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შემუშავებას და სამთავრობო შეთანხმებების გაფორმებას".

სოხუმი უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას.

ცოტა ხნის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მოიძებნა პოტენციური ინვესტორი, სოხუმის აეროპორტის აღდგენის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მზად იქნება მომავალი წლის შემოდგომისთვის, აეროპორტი კი, პირველ რეისებს მიიღებს 2024 წლის იანვრიდან.

2019 წელს სოხუმის აეროპორტის დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბა ამტკიცებდა, რომ აეროპორტის კაპიტალური რემონტის და რეკონსტრუქციის პროექტი მზადაა და დამტკიცებულია დამპროექტებლების მიერ. მისივე ცნობით, პროექტი საჰაერო ტრანსპორტის სამეცნიერო - კვლევითმა ინსტიტუტმა "ლენაეპროექტმა" შეიმუშავა. ამავე წელს აფხაზური მედია წერდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტს რუსული კომპანია შპს "აეროინვესტი" ახორციელებს და მის მომზადებას, დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.

2019 წლის აგვისტოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, "არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს" ერთობლივი ბაზირების სტატუსი რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტს "საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი URAS მიენიჭა, ამ დასახელების პირველი ასო პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტების კოდებში გამოიყენება, მეორე ასო აღნიშნავს რუსეთის ქალაქს, დონის როსტოვს, მესამე - აფხაზეთს და მეოთხე - სოხუმს. 
სოხუმის გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) მიმართა, რომ სათანადოდ შეეფასებინა აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.

სოხუმის აეროპორტი ავიარეისებს 90-იანი წლების დასაწყისამდე იღებდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან. აეროპორტი 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა.


Print