ახალი ამბები
ზუგდიდში 10 კლასი ონლაინ სწავლებაზეა გადასული, დახურულია 7 ბაღი
ზუგდიდში კორონავირუსის გავრცელების გამო ქალაქის მე-5, ანაკლიის, რუხისა და ყულიშკარის საჯარო სკოლები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ბულიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არც ერთი სკოლა არ არის დახურული, თუმცა ონლაინ სწავლებაზე 10 კლასი გადავიდა. მისი შეფასებით, სასწავლო დაწესებულებებში არასახარბიელო მდგომარეობაა და ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციებს ელოდებიან.

„სტატისტიკა გვაქვს ცუდი, თითქმის ყველა სკოლაში 1-2 ბავშვი ინფიცირებულია. ამ დროისთვის, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 60 მოსწავლეს და თანამშრომელს“, - აღნიშნა ბულიამ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სულ დახურულია 7 სააღმზრდელო დაწესებულება და აქ ვირუსი, ძირითადად, აღმზრდელებს დაუდასტურდათ.

„დახურულია შამგონის, ნარაზენის #2, ჭაქვინჯის, ინგირის#1, ანაკლიისა და ქალაქის მე-15 ბაღები. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის აღმზრდელების 45% აცრილია და პროცესი გრძელდება. ჩვენს ცენტრში კი 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და ყველა მათგანი აცრილია“, - ამბობს "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24:00 საათში სამეგრელოში კორონავირუსის 444 შემთხვევა დაფიქსირდა.
Print