ახალი ამბები
„ენგურჰესმა“ ენმ-ის ბრალდებების საპასუხო განცხადება გაავრცელა
„ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ბრალდებებს „ენგურჰესში“ გამოეხმაურნენ. სახელმწიფო კომპანიამ საპასუხო განცხადება ფეისბუკის საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. „ენგურჰესში“ ენმ-ის ბრალდდებებს სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებენ.

„მოგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ენმ-ის წევრი ანა წითლიძე "ენგურჰესის" დირექტორს, ლევან მებონიას და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯონი ჭანიას მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებებში ადანაშაულებს, რათა დევნილებმა ვერ შეძლონ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეების მიღება.

Print