ახალი ამბები
სოხუმი: ენერგოკრიზისის ფონზე რესპუბლიკიდან კრიპტოვალუტის მაინერების 40% გაიტანეს
აფხაზეთიდან, რესპუბლიკაში მანამდე შემოტანილი, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების 40% გაიტანეს, ამის შესახებ საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალიას ლაბახუამ განაცხადა, წერს "ინტერფაქსი". პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლაბახუამ განმარტა, რომ "რესპუბლიკაში ოფიციალურად 66 857 მოწყობილობა შეიტანეს, ხოლო 27 124 ერთეული მაინინგის აპარატი აფხაზეთის საზღვრებს გარეთ გაიტანეს".

თავის მხრივ, "საბაჟო კომიტეტის" ხელმძღვანელმა, ოთარ ხეციამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტიდან, "ფსოუს საზღვარზე მებაჟეებმა 63 ერთეული მაინინგის აპარატის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს". მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე საქმეები ადმინისტრაციული წესით არის აღძრული. მან განმარტა, რომ ამ შემთხვევებში შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რადგან "კანონის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამორთმეული აღჭურვილობის ღირებულება 250 ათას რუბლზე მეტის შეადგენს".

უფრო ადრე, "კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა" ბესლან ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, კრიპტოვალუტის მომპოვებლებს ინტერნეტზე წვდომა 2022 წლის მარტამდე ეზღუდებათ. გარდა ამისა, მისი თქმით, "უახლოეს მომავალში მაინინგთან ბრძოლის მიზნით, აფხაზეთში VPN– ები დაიბლოკება".

სოხუმმა კრიპტოვალუტის მაინინგი 2020 წლის ბოლოდან მას შემდეგ აკრძალა, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი გაჩნდა.


Print