ახალი ამბები
ჩიქოვანი - წარმოუდგენელია, ჩემს ზუგდიდში, სადაც ენმ-მ ფეხი შეაწმინდა მეგრელების ღირსებას, ამ ძალას მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საჭიროა აბსოლუტური მობილიზება, რათა არ დავუშვან არც ერთ მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება. მან ამომრჩევლებს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"ეს არის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, ჩემს კუთხეში, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფეხი შეაწმინდა მეგრელების, ზუგდიდელების ღირსებას, ამ პოლიტიკურ ძალას ადგილზე მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდე.

პრაქტიკულად, გამოცხადებული რევანშის ქრონიკა გვაქვს დღეს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ადამიანები დემოკრატიის სახელით, ადამიანის ღირებულებებით აპელირებენ, რეალურად ვხედავთ იმას, რომ მიმდინარეობს წნეხი რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა გამოგვივლია 2012 წელს, პარალელს ავლებენ იმ ვითარებასთან, რაც 2012 წელს გვქონდა და რაც დღეს გვაქვს. იმ საარჩევნო გარემოსთან, რა პირობებშიც გვიწევდა მუშაობა 2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად, ლოდებს გვიშენდნენ საარჩევნო შეხვედრებზე, სახლში აკითხავდნენ ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ გაანადგურებდნენ და დაასრულებდნენ, თუ ისინი პოლიტიკურად იაქტიურებდნენ.

ამიტომ, აქ ანალოგიების მოყვანა აბსოლუტურად მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ჯალათები, ეს ადამიანები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ეს ყველაფერი შეცდომა იყო. პირდაპირ გეუბნებით, ამის ქვეყანაში დაბრუნება არ შეიძლება და ამას საზოგადოება არ დაუშვებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

Print